ბლოკჩეინი მარტივად

ბოლო დროს, “ბლოკჩეინ” ტექნოლოგია სულ უფრო აქტუალური ხდება საზოგადოებაში, ხოლო ექსპერტები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. თუმცა, პირველი მიახლოებით, რთულია გაარკვიო რას გულისხმობს იგი; რა არის “ჯაჭვი”, “ბლოკი”, “ჰეში” და ა.შ. ამ სტატიაში სწორედ ამ ტერმინების გარეშე შევეცდები მაქსიმალურად მარტივად ავხსნა თუ რატომ გამოიწვია ამ ტექნოლოგიამ აჟიოტაჟი და რითია იგი უნიკალური.

თუკი ამ სტატიას უკვე გაეცანით ან თქვენ გარკვეული ხართ “ბლოკჩეინ” ტექნოლოგიის მოქმედების მექანიზმში, იხილეთ შემდეგი პოსტი, სადაც საკითხი მეტად სიღრმისეულად არის ახსნილი “ლინკი აქ”.

როგორ გახდა შესაძლებელი ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიის შექმნა, რომელიც ერთის მხრივ სრულიად გამჭირვალეა, მეორეს მხრივ კი, მაქსიმალურად უსაფრთხო. გავეცნოთ “ბლოკჩეინ” ტექნოლოგიას ტექნიკური ტერმინების გარეშე.

ბლოკჩეინი წიგნების (გასამარტივებლად) მაგალითზე

საკითხის გასამარტივებლად, “ბლოკჩეინის” ტექნოლოგია დავიყვანოთ პრიმიტიულ მაგალითამდე:

წარმოიდგინეთ, რომ მაქვს ერთი წიგნი, რომელსაც გჩუქნით თქვენ.

თქვენ გაქვთ ერთი წიგნი, მე – 0.

ყველაფერი მარტივად არის, რადგან თქვენ იცით, რომ წიგნი გადმოგეცით და ფიზიკურად გაგაჩნიათ იგი. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი შუამავალი, რომელიც დაესწრება და დაადასტურებს ან დაამოწმებს ჩვენს “ტრანსფერს”.

ახლა წიგნი უკვე თქვენია და სრულად თქვენი კონტროლის ქვეშ არის. მე ვერ მოგცემთ კიდევ ერთ წიგნს, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნე, მე იგი აღარ მაქვს. თქვენ შეგიძლიათ ჩემს მიერ გადმოცემული წიგნი აჩუქოთ თქვენს სხვა მეგობარს; მან აჩუქოს თავის მეგობარს და ასე შემდეგ. არცერთ ტრანსფერს არ ესაჭიროება შუამავალი. თქვენ განკარგავთ წიგნს ისე, როგორც მოისურვებთ.

ფიზიკური ტრანსფერების სქემა ძალიან მარტივად გამოიყურება. ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ ჩემგან მიიღეთ ელექტრონული წიგნი ფიზიკური წიგნის ნაცვლად. ელექტრონული მასალა თავისივე არსით ართულებს საკითხს, რადგან ჩნდება აშკარა და რთულად გადასაჭრელი, ე.წ. ორმაგი ხარჯვის პრობლემა, რომელზეც მეცნიერები ათწლეულობის განმავლობაში მუშაობდნენ და ვერ პოულობდნენ გამოსავალს. საიდან იცით, რომ წიგნი, რომელიც მე ელექტრონული ფორმით გამოგიგზავნეთ, არის უნიკალური და გაქვთ მხოლოდ თქვენ? მე თავისუფლად შემეძლო შემექმნა წიგნის ასლი და ორიგინალი შემენახა ჩემს ელექტრონულ მოწყობილობაზე. მე შემეძლო ელექტრონული წიგნი ისევე გამეგზავნა ჩემი სხვა მეგობრებისთვის, როგორც თქვენ გამოგიგზავნეთ იგი. შეიძლება, წიგნი სრულადაც ავტვირთე ცნობილ საიტზე და ახლა უკვე მას მილიონობით თქვენნაირი მფლობელი ყავს.

პრობლემის მოგვარების ცენტრალიზებული მოდელი

ორმაგი ხარჯვის პრობლემის ნაწილობრივ მოგვარება მარტივად არის შესაძლებელი უბრალო, ელექტრონული დღიურის დახმარებით. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ ელექტრონულ წიგნს, რომელსაც მე გავცემ, ავღრიცხავ ელექტრონულ ჟურნალში. შესაბამისად, თქვენ და თქვენმა მეგობრებმა უკვე იციან რამდენი ელექტრონული წიგნი გავეცი, ანუ როგორ განვკარგე ჩემი რესურსები. პრობლემა მოგვარებულია? რა თქმა უნდა არა! ცენტრალიზებულ მოდელში თქვენ სრულად ხართ დამოკიდებული შუამავალზე და უცხადებთ მას ნდობას (ამ შემთხვევაში მე). მაგრამ! რა მოხდება მაშინ, თუ მე არაკეთილსინდისიერად მოვიქცევი და ყველა ტრანსფერს არ ავღრიცხავ? ან მაშინ, თუკი დავუშვებ შეცდომას? თავისთავად ამგვარი შემთხვევა ვერ პოულობს საუკეთესო გამოსავალს და სრულად არის დამოკიდებული შუამავლის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე. შესაბამისად, ორმაგი ხარჯვის პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება.

სწორედ “ბლოკჩეინი” არის ის ჭკვიანური გადაწყვეტილება, რომელსაც ორმაგი ხარჯვის პრობლემის სრულად გადაწყვეტა შეუძლია.

Image result for blockchain

 

დავუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს. წარმოიდგინეთ, რომ დღიური, რომელზეც პრობლემის გადაწყვეტის ცენტარლიზებულ მოდელში ვსაუბრობდი, ახლა უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუკი აქამდე ჩვენს დღიურს სჭირდებოდა სანდო ობიექტი, რომელზეც დამოკიდებული იქნებოდა ტრანზაქციებში ჩართული რესურსები – “ბლოკჩეინ” ტექნოლოგია გვთავაზობს ელექტრონულ “დღიურს”, რომელსაც არ გააჩნია ცენტრალური წერტილი და ხელმისაწვდომია ყველასთვის. ამგვარ “დღიურში” მონაწილე პირებს გააჩნიათ სრულიად თანაბარი უფლებები და არცერთი მათგანი არ სარგებლობს არანაირი უპირატესობით უფრო მეტად, ვიდრე სხვა (როგორც ეს იყო ცენტრალიზებულ მეთოდში). ელექტრონულ “დღიურში” ავტომატურად ისახება ყველა ტრანზაქცია, რომელიც განხორციელდა.

მე ვეღარ ვაჩუქებ სხვას კიდევ ერთ ანალოგიურ წიგნს, რადგან წიგნი, რომელიც მე თქვენ გადმოგეცით, თავისი უნიკალური კოდით ავტომატურად აისახა ელექტრონულ ჟურნალში. იმ შემთხვევაში, თუკი მე შევეცდები წიგნი თქვენს გარდა გადავცე სხვას – ელექტრონული ჟურნალი არ დაამოწმებს ამგვარ ტრანზაქციას, რადგან უნიკალური კოდი დაემთხვევა წინა კოდს, რომელიც ერთხელ უკვე იქნა გამოყენებული.

ამ ყველაფერთან ერთად, აღარ არსებობს ერთი ადამიანი ან ადამიანთა წრე, რომელთაც შეუძლიათ გადაწყვიტონ სისტემაში მონაწილეთა ტრანზაქციების ბედი. თამაშის წესები სისტემის ჩამოყალიბებისთანავე დაისახა და მათი შეცვლა შეუძლებელია. სისტემის შექმნისას უკვე გაწერილი იქნა რამდენი ელექტრონული წიგნი შეიძლება შეიქმნას (ჯამში).

იმისათვის, რომ სისტემამ გამართულად იმუშაოს, აუცილებელია მისი დაცვა. დაცვის სისტემაც უნიკალური და თითქმის უნაკლოა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სისტემაში ჩართოს მძლავრი ელექტრონული მოწყობილობები (მაგ. “მაინერი”), რომელიც საჭიროების მიხედვით, ავტომატურად იმუშავებს და დაამოწმებს ან არ დაამოწმებს ტრანზაქციებს (გადარიცხვებს; ტრანსფერებს). ჩვენს მაგალითზე, ამგვარი მოქმედებისთვის დაჯილდოვდებით ელექტრონული წიგნებით. რაც უფრო მძლავრი და მეტი მოწყობილობა გაქვთ ჩართული სისტემაში, მით უფრო მეტი ჯილდო. ამ სისტემაში სწორედ სისტემის დაცვის და მომსახურების სანაცვლოდ მიღებული ელექტრონული წიგნები არის ერთადერთი (!) საშუალება ახალი წიგნების წარმოებისა.

სისტემა, რომელიც ავხსენი სწორედ იგივენაირად მუშაობს “ბიტკოინის” შემთხვევაში (ელექტრონული წიგნების ნაცვლად).

ავსახოთ სქემატურად და შევადაროთ ცენტრალიზებული, დეცენტრალიზებული და განაწილებული (“ბლოკჩეინ”) მოდელები.

შევაჯამოთ:

  1. ელექტრონული ჟურნალი ღია სახით განთავსებულია ქსელში და მასზე წვდომა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თუმცა ტრანზაქციები კოდირებულია იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს აღმოჩენა იმ ადამიანების, რომელიც ტრანზაქციების უკან დგას.
  2. ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით გამოშვებული ელექტრონული წიგნების ჯამური რაოდენობა ლიმიტირებულია. შესაბამისად მე ვიცი რაოდენობა, რომელიც არის წიგნების რაოდენობის მაქსიმუმი.
  3. როდესაც მე ვმონაწილეობ ტრანზაქციაში, დარწმუნებული ვარ, რომ ელექტრონული წიგნი, რომელიც მივიღე არის უნიკალური და აღარ ეკუთვნის მის ყოფილ მფლობელს. ტრანზაქცია შემოწმდება და დამტკიცდება ელექტრონული დღიურის მცველების მიერ (მაგ. “მაინერები”). “ბლოკჩეინ” ტექნოლოგიის შექმნამდე ამგავრი ტრანზაქციის შესრულება ელექტრონულ ნივთებზე შეუძლებელი იყო.
  4. იმის გამო, რომ ელექტრონული ჟურნალი სრულიად ღიაა ყველა მსურველისთვის, მე არ მჭირდება შუამავალი, რომელსაც ვენდობი.

ელექტრონული ნივთების გაცვლა შესაძლებელი გახდა ისევე, როგორც ფიზიკურის.

 “ბლოკჩეინი” არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მოგცემთ გადაუგზავნოთ თქვენთვის სასურველ პირს 1; 1000; 1 000 000; ან 0.00000001 ელექტრონული წიგნი ისე, რომ მას ეჭვიც კი არ შეეპარება თქვენს კეთილსინდისიერებაში.

“ბლოკჩეინის” უნიკალურობა განპირობებულია მისი მოქნილობით: ამგვარი ელექტრონული სახით შეგიძლიათ მოახდინოთ ნებისმიერი და უფრო მნიშვნელოვანი ნივთების ტრანზაქციაც (მაგ. ელექტრონული კონტრაქტი; უნიკალური ტექსტი; უნიკალური პირადობის მოწმობა და სხვა).

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს წლებში “ბლოკჩეინი” მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე. რას ფიქრობთ თქვენ?

 

თუკი ამ სტატიას უკვე გაეცანით ან თქვენ გარკვეული ხართ “ბლოკჩეინ” ტექნოლოგიის მოქმედების მექანიზმში, იხილეთ შემდეგი პოსტი, სადაც საკითხი მეტად სიღრმისეულად არის ახსნილი “ლინკი აქ”.

Leave a reply:

Your email address will not be published.