ილონ მასკი და სიმულაციის ჰიპოთეზა

Tesla-სა და SpaceX-ის დამაარსებელმა, ილონ მასკმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მკვლევარს – ლექს ფრიდმანს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ულტრაგანვითარებულ ხელოვნურ ინტელექტსა და სიმულაციის ჰიპოთეზაზე ისაუბრა. ინტერვიუს შინაარსი რადიკალურად განსხვავებულ ჭრილში უნდა წარმართულიყო, თუმცა საბოლოო ჯამში, საუბარი ფიზიკის კანონებზე, სიყვარულზე და შემდგომ კი, სამყაროს რეალიზმზე გაგრძელდა.

“იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მოახერხებს ულტრაგანვითარებული, საერთო ხელოვნური ინტელექტის სისტემის შექმნას და თქვენ გექნებათ ერთი კითხვის დასმის შესაძლებლობა, რა კითხვა იქნება ეს?”

ილონი რამდენიმე წამის განმავლობაში ფიქრობდა და აშკარად ჩანდა, რომ მას ზუსტი პასუხის გაცემა სურდა. საბოლოოდ მასკმა საკუთარი კითხვა დაასახელა: “რა არის სიმულაციის გარეთ?”

ილონმა საკუთარი იდეა იმის შესახებ, რომ ჩვენ მხოლოდ უზარმაზარ კომპიუტერულ სიმულაციაში ვცხოვრობთ, ჯერ კიდევ 2016 წელს გაგვიზიარა. მოსაზრების გასამყარებლად, მასკი იხსენებს თუ რამდენად განვითარდა კომპიუტერული თამაშები სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ჯერ კიდევ 1972 წელს მთელი მსოფლიო გართული იყო “Pong”-ის თამაშით, რომელიც ტენისის სიმულაციას წარმოადგენდა. “Pong”-ში ტენისის ბურთი კვადრატის ფორმის, ხოლო ჩოგანი მართკუთხედი იყო.

“Atari”-ს მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი პირველი კომპიუტერული თამაში მსოფლიოში – “Pong”

ახლა კი, მოგეხსენებათ, კომპიუტერული თამაშები ფოტორეალისტურია, ხოლო სიუჟეტი იმდენად განვითარებული, რომ სრულად “გავლისთვის” რამდენიმე დღე გვჭირდება.

რეალური ფოტოები და კადრები კომპიუტერული თამაშიდან “Crysis”

თუ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ათეული წელი დაგვჭირდა ფოტორეალისტური თამაშის შესაქმნელად, მაშინ რატომ არ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვიღაცამ შექმნა თამაშის მეტად განვითარებული ვერსია, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით?

«მოდით წარმოვიდგინოთ სამყარო 10 000 წლის შემდეგ, რაც ევოლუციის მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ – საერთოდ არაფერია. კომპიუტერული თამაშების განვითარება უკვე ახლა აღწევს სრულ ფოტორეალიზმს. გენერირებული გამოსახულებების რეალობისგან განსხვავება სულ უფრო რთული ხდება. ახლა კი, წარმოიდგინეთ რამდენიმე ათასჯერ განვითარებული კომპიუტერული თამაშები. მათი ჩართვა მილიარდ სხვადასხვა მოწყობილობაზე შეიძლება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რატომ არ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენ ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობის გმირები ვართ?”

ინტერვიუს დასაწყისში, მასკი საუბრობდა უპილოტო ავტომობილების განვითარებაზე და ასევე იმაზე, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ნეირონული ქსელის გამოყენებით, რომელიც აგროვებს მონაცემებს 8 სხვადასხვა კამერიდან, შევქმნათ სრულიად დამოუკიდებელი, უპილოტო სატრანსპორტო საშუალება. საბოლოო ჯამში, საუბარი ხელოვნური ინტელექტის შესახებ გაგრძელდა, რომლის ბაზისი სწორედ ნეირონული ქსელის გამოყენება იქნება.

«ეს ტექნოლოგია ძალიან მალე გამოჩნდება. ამის შემდეგ თქვენ გადაწყვიტეთ თუ რა უნდა ქნათ. რა თქმა უნდა, თუ ამის საშუალება საერთოდ გექნებათ” – ამბობს ილონი.

Tesla-სა და SpaceX-ის დამაარსებელმა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩამოაყალიბა სტარტაპი Neuralink, რომლის ძირითადი მიზანი, უნივერსალური კომპიუტერული ინტერფეისის შექმნაა, რომელიც ადამიანის ტვინს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს დაუკავშირებს. გარდა ამისა, ილონმა არაერთხელ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ყველა არ შევთანხმდებით გარკვეულ წესებზე, რომელიც გასათვალისწინებელია ხელოვნური ინტელექტის შექმნისას, კაცობრიობას ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება.

არაერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ულტრაგანვითარებული ხელოვნური ინტელექტი უახლოეს ათწელიწადში შეიქმნება. იმედი ვიქონიოთ, ილონ მასკი შეძლებს სისტემისთვის საკუთარი კითხვის დასმას.

მომზადებულია Hi-News-ის მიხედვით.

Leave a reply:

Your email address will not be published.