Outsourcing – ეფექტიანობის გაზრდის ინსტრუმენტი

ხშირად გსმენიათ Outsourcing-ის შესახებ, მაგრამ არ იცით რას ითვალისწინებს იგი? ან გიჭირთ განასხვავოთ Outsourcing მოდელი საკონტრაქტო მოდელისაგან? ამ სტატიის მეშვეობით შევეცდები მაქსიმალურად მარტივად წარმოვაჩინო Outsourcing-ის ძირითადი მახასიათებლები, უპირატესობები და შესაძლო ნაკლოვანებები.

რა არის Outsourcing?

Outsourcing (ინგლ. Out – გარე; Source – წყარო) – ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მეშვეობით კომპანია გადასცემს საკუთარ ერთ-ერთ ფუნქციას სხვა ორგანიზაციას. პროცესების დელეგირებით, რომლებიც არ მიეკუთვნებიან კომპანიის ძირითად საქმიანობას, მაგრამ სტრატეგიულად დიდ მნიშვნელობას ატარებენ ორგანიზაციისთვის, კომპანია ახორციელებს ურთიერთსარგებლიან გაცვლას.

მაგალითისთვის, Outsourcing-ია, როდესაც სარეკლამო სააგენტო გადაწყვეტს გააფორმოს კონტრაქტი გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც დაკავებულია პოლიგრაფიით. ასეთ შემთხვევაში, სარეკლამო სააგენტო აღარ ახორციელებს ბეჭდვით პროცესებს და სრულად ენდობა პარტნიორ ორგანიზაციას.

თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, გაზრდილი კონკურენციის ფონზე, ორგანიზაციის მენეჯმენტი ბევრ სხვადასხვა ტიპის პრობლემას აწყდება. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი – ფუნქციების კვალიფიციური მართვაა.

მაგალითისთვის, ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს სამშენებლო მასალას, არ არის კვალიფიციური მარკეტინგის ხელოვნებაში და სარეკლამო/სამომხმარებლო ბაზრის თავისებურებებში. ასეთ შემთხვევაში, ორგანიზაცია დგას ორი არჩევნის წინაშე: პირველი – დააფუძნოს მარკეტინგის დეპარტამენტი და დაიქირაოს მაღალკვალიფიციური კადრები ან მეორე – გადასცეს მარკეტინგული ფუნქციები კომპანიას, რომლის ძირითადი პროფილი მარკეტინგის სფეროს უკავშირდება.

ასეთ დროს, მენეჯერები რთული ალტერნატივების წინაშე დგანან, თუმცა თანამედროვე ბაზარმა ნათლად დაგვანახა, რომ კომპანიას, რომელიც მაქსიმალურად არის კონცენტრირებული საკუთარ ძირითად ამოცანებზე – წარმატების მეტი შანსი აქვს.

Outsourcing-ის ძირითადი მახასიათებლები:

  • შეთანხმება ფუნქციის გადაცემის შესახებ;
  • გრძელვადიანი კონტრაქტი (1 წელი ან მეტი);
  • არაპროფილური, არაძირითადი ფუნქციის გადაცემა;

განსხვავება Outsourcing-სა და ერთჯერად თანამშრომლობას შორის:

მნიშვნელოვანია შევძლოთ განვასხვავოთ ერთჯერადი შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ და Outsourcing.

ერთჯერადი შეთანხმება – ეპიზოდური ტიპის კონტრაქტი გარე ორგანიზაციასთან.

Outsourcing – შეთანხმება, რომელიც ასევე გამყარებულია კონტრაქტით, თუმცა ატარებს გრძელვადიან ხასიათს.

3 ტიპის Outsourcing:

  • საწარმოო ფუნქციების ნაწილის გადაცემა
  • ბიზნეს პროცესების “აუთსორსინგი” (BPO –  Business Process Outsourcing)
  • “IT-აუთსორსინგი”

პირველი ტიპის “აუთსორსინგია”, როდესაც ორგანიზაცია გადასცემს საკუთარი საწარმოო ფუნქციების ნაწილს სხვა ორგანიზაციას. მაგალითად, კომპანია “Ford” საკუთარი ავტომობილებისთვის განკუთვნილი მასალების ნახევარზე მეტის წარმოებას გადასცემს სხვადასხვა კომპანიებს, რომლებთანაც აკავშირებს გრძელვადიანი შეთანხმებები.

კომპანია “IKEA”-ს წარმოება სრულად აქვს გატანილი “აუთსორსინგზე”. ის უკვე ათწლეულობის განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს 2500-ზე მეტ მწარმოებელ კომპანიასთან. ცნობისთვის, 2016 წლისთვის კომპანია “IKEA”-ს წლიური ბრუნვა 35 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს შეადგენს (წყარო).

მეორე ტიპის “აუთსორსინგია”, როდესაც კომპანია მმართველობაში გადასცემს საკუთარ ბიზნეს-პროცესებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ორგანიზაციის ძირითადი პროფილური საქმიანობის სიას. ასეთი თანამშრომლობის კლასიკური მაგალითია ბუღალტრული აღრიცხვის გადაცემა სხვა ორგანიზაციისთვის.

მესამე ტიპის “აუთსორსინგია”, როდესაც კომპანია გადასცემს მომსახურებაში საკუთარ ინფორმაციულ სისტემებს ისეთ ორგანიზაციას, რომელიც პროფესიონალურად ახორციელებს ტექნიკურ მხარდაჭერას და პროგრამულ უზრუნველყოფას. მაგალითად, შეთანხმება საიტის შექმნისა და ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საიტის შექმნა შედარებით მოკლევადიანი შეთანხმებაა, ტექნიკური უზრუნველყოფა – უწყვეტი კავშირია ორგანიზაციებს შორის, რომელიც გამყარებულია კონტრაქტით.

უპირატესობები და ნაკლოვანებები:

“აუთსორსინგის” ძირითად უპირატესობებს მიეკუთვნება:

  • ხარჯების შემცირება – უმეტეს შემთხვევაში, ფუნქციის გადაცემა სხვა ორგანიზაციისთვის მეტად ხარჯეფექტიანია.
  • პერსონალის რიცხვის შემცირება – “აუთსორსინგის” შემთხვევაში, კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა არ დაიქირაოს დამატებით პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ფუნქციის შესრულებას ან გაანთავისუფლოს უკვე არსებული.
  • კომპანიის ძირითად საქმიანობაზე კონცენტრირების შესაძლებლობა – კომპანიის მენეჯერებს შეუძლიათ აღარ დახარჯონ დრო გარკვეული ფუნქციის დაგეგმვა, ორგანიზება/კონტროლზე და საკუთარი დროის რესურსი მიმართონ ორგანიზაციის სხვა ძრითად საქმიანობაზე.
  • მაღალკვალიფიციური სერვისის მიღება – კომპანია, რომელიც გამოცდილია კონკრეტული ფუნქციის გახორციელებაში, მეტად კვალიფიციურად უზრუნველყოფს საქმიანობის შესრულებას. ამასთან ერთად, მაღალკვალიფიციური სერვისის მისაღებად მენეჯერს აღარ უწევს კადრის მოძიება, რომელიც მოითხოვს მაღალ ანაზღაურებას.
  • პასუხისმგებლობის განაწილება – ფუნქციის გადაცემისას მენეჯერი გადასცემს როგორც მის მმართველობას, ასევე პასუხისმგებლობას შესრულებული სამუშაოს შესახებ. ძირითადად, ასეთი პასუხისმგებლობები გაწერილია შესაბამისი კონტრაქტის პირობებში.

საბოლოო ჯამში, “აუთსორსინგი” ეხმარება კომპანიას შეზღუდული რესურსების ეფექტიანობის გაზრდაში.

თუმცა, რა თქმა უნდა “აუთსორსინგსაც” გააჩნია რისკები და მინუსები:

  • ხარჯების გაზრდის რისკი – მოვლენების ამგვარი განვითარება შესაძლებელია, თუკი მენეჯერი ზედმეტად ბევრ ფუნქციას გადასცემს სხვა ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში რესურსის არასწორი განაწილება ხდება, რაც თავისთავად ზრდის ხარჯს. ამასთანავე, “აუთსორსინგის” შემთხვევაში, აუცილებელია ხარჯებისა და შესაძლებელი ეკონომიკური სარგებლის დეტალური გათვლა, რასაც მენეჯერები ხშირად ვერ ართმევენ თავს.
  • კონტროლის პრობლემა – “აუთსორსინგის” შემთხვევაში, არსებობს რისკი იმისა, რომ კომპანიამ სათანადოდ ვერ გააკონტროლოს გადაცემული ფუნქცია.
  • “აუთსორსინგის” მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის არარსებობა საფრთხეს უქმნის მენეჯერს სათანადოდ დაარეგულიროს ურთიერთობა გარე ორგანიზაციასთან. თუმცა, გამართული კონტრაქტის შემთხვევაში, ამგვარი საფრთხის შესაძლებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ხარისხიანი კონტრაქტის შედგენა.
  • ინფორმაციის “გაჟონვის” რისკი – ფუნქციების გადაცემისას, გარე ორგანიზაციას წვდომა ეძლევა გარკვეულ ინფორმაციასთან, რომელიც როგორც წესი კომპანიის პერსონალურ ან საიდუმლო მონაცემებს მიეკუთვნება და მათი გასაჯაროვება აზიანებს კომპანიას.

შეჯამებისთვის ავღნიშნავ, რომ “აუთსორსინგის” გამოყენებით ორგანიზაციას შეუძლია მნიშვნელოვნად დახვეწოს საკუთარი საქმიანობა და დაზოგოს რესურსები. თუმცა, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მენეჯერის გამოცდილება და ცოდნა, რათა ავიცილოთ გარკვეული ტიპის საფრთხეები, რომელიც აღნიშნულია სტატიაში.

# რა არის Outsourcing? 

 

1 comments On Outsourcing – ეფექტიანობის გაზრდის ინსტრუმენტი

  • ბატონო ლევან, დიდი მადლობა მარტივად გასაგები ახსნისთვის. ველოდები მომავალ სტატიებს!

Leave a reply:

Your email address will not be published.