მარტივად: რა არის ICO?

ICO – Initial Coin Offering (ტოკენების პირველადი გაყიდვა) – არის რომელიმე პროექტის მიერ გაყიდვაში ჩაშვებული ტოკენები, რომლებიც განკუთვნილი იქნება სხვადასხვა სერვისის შეძენისთვის. ICO თავისი პროცესით ძალიან გავს IPO პროცესს, თუმცა ICO-ს შემთხვევაში ინვესტორები არ იღებენ კომპანიის არანაირ წილს და არ მონაწილეობენ კომპანიის შიდა მმართველობის პროცესებში. სინამდვილეში, ICO – პროექტში ინვესტირების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც კომპანიის განვითარების ნაადრევ ეტაპზე იმართება. ამასთანავე, რა თქმა უნდა ნებისმიერი ინვესტორის ძირითადი მიზანია მომავალში მიიღოს სარგებელი განხორციელებული ინვესტიციებისაგან.

IPO-სგან განსხვავებით, ICO-ში მონაწილე ინვესტორები იღებენ პროექტის მიერ შექმნილ კრიპტოვალუტას, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულება აქვს გამომდინარე პროექტის სპეციფიკისგან. მაგალითისთვის, პროექტ Storj-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ამავე პროექტში შეიძინოთ მონაცემების შენახვის დამატებითი სივრცე ან გააფართოვოთ თქვენი. ტოკენების მეშვეობით თქვენ ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა ბირჟებზე ვაჭრობა. ტოკენების გამოყენების არეალი დამოკიდებულია პროექტის სპეციფიკიდან და იგი დასაწყისშივე ცნობილი ხდება ინვესტორისთვის.

რისთვის ტარდება ICO?

პროექტი ქმნის თავის კრიპტოვალუტას და შემდეგ გამოაქვს გაყიდვაზე იმისთვის, რომ მოიძიოს დამატებითი თანხები კომპანიის განვითარებისთვის. პროექტებში ინვესტირება ხდება სხვადასხვა კრიპტოვალუტებით (ძირითადად Bitcoin და Ethereum).

რატომ გახდა ICO პოპულარული?

IcoData-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წელს 891 ICO-ს მეშვეობით მოზიდული იქნა 6,026,914,791 $. შედარებისთვის, 2016 წელს – მხოლოდ 94,009,144 $. კოლოსალურმა თანხებმა და 6000%-იანმა ზრდამ მსოფლიოს უმსხვილესი ინვესტორების ყურადღება მიიქცია. ექსპერტების ვარაუდით, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს ICO-ში განხორციელებული ინვესტიციები მინიმუმ გაორმაგდება.

რამდენად რისკიანია ICO-ში ინვესტირება?

როგორც სხვა ნებისმიერ პროექტში ინვესტირებისას, ICO-ს შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია პროექტის დეტალური ანალიზი. აუცილებელია შეისწავლოთ მიზნები, გუნდის პერსპექტივა და გამოცდილება. ამასთანავე ICO-ს რისკებს ზრდის მისი უსაფრთხოების დაბალი მაჩვენებელი. შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტების ბაზარი არ არის რეგულირებული სახელმწიფოების მიერ ან ნაკლებად რეგულირებულია. შესაბამისად, თუკი თქვენ დაკარგავთ თქვენს მთლიან ინვესტიციას და პროექტი უბრალოდ გაქრება (ე.წ. Scam ICO), თქვენ ვერ შეძლებთ შეიტანოთ სარჩელი სასამართლოში ან მიმართოთ სხვა ინსტანციას. ICO-ს შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს გუნდსა და მის პრესტიჟს. თქვენ სრულად ხართ დამოკიდებული თქვენს თავზე და თუკი თვლით, რომ პროექტი სანდოა – შეგიძლიათ განახორციელოთ ინვესტიცია. მიუხედავად იმისა, რომ ICO საკმაოდ მაღალრისკიან ინვესტიციად ითვლება, წარმატების შემთხვევაში ტოკენების პროცენტული ზრდაც ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ფასიანი ქაღალდების ან სხვა აქტივების.

კრიპტოსამყაროს ერთ-ერთმა ექსპერტმა და სან-ფრანცისკოს Runa Capital-ის ოფისის თავჯდომარემ ნიკ ტომაინომ, ჯერ კიდევ 2016 წელს დაწერა თავის ბლოგზე ICO-ს ინვესტორების ირაციონალურ ქმედებებზე. პროექტები, რომლებსაც გააჩნიათ მხოლოდ საიტი და მონახაზი ბიზნეს გეგმის შესახებ რამდენიმე საათში აგროვებენ მილიონობით დოლარს, ხოლო უამრავი რეალური კომპანია, რომელსაც გააჩნია პერსპექტივა – საერთოდ ქრება სახსრების უკმარისობის გამო.

რატომ უნდა განვახორციელო ინვესტიციები ICO-ს მეშვეობით?

კომპანიის მიერ გამოშვებული ტოკენების ყიდვისას, ინვესტორებს იმედი აქვთ, რომ:

  • შეძლებენ მიიღონ დამატებითი შემოსავალი მომავალში ტოკენების გადაყიდვისას. ამგვარ პროგნოზზე დაყრდნობით ისინი ვარაუდობენ, რომ თუკი პროექტი წარმატებული იქნება, ტოკენების ფასიც საგრძნობლად გაიზრდება.
  • გამოიყენებენ თავიანთ ტოკენებს მომავალში პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.
  • მხარს დაუჭერენ საინტერესო პროექტს.

როგორ შევარჩიო ICO პროექტი?

როგორც ზემოთ ავღნიშნე, ICO-ს მაღალრისკიანობიდან გამომდინარე, აუცილებელია პროექტის დეტალური ანალიზი. დიდი ყურადღება მიაქციეთ გუნდის გამოცდილებას და მათ წარსულს; შეისწავლეთ პროდუქტი და გათვალეთ მისი პერსპექტივები.

ამასთანავე, კარგმა პროექტმა:

  • უნდა დაუმტკიცოს ინვესტორებს ICO-ს ჩატარებისა და კრიპტოვალუტის გამოშვების აუცილებლობა;
  • ღიად უნდა გამოაქვეყნოს პროექტის განხორციელება/განვითარების გეგმები და აწარმოოს დიალოგი ინვესტორებთან;
  • ICO-ს დაწყებამდე უნდა წარადგინოს პროექტის სატესტო ვარიანტი ან პროტოტიპი;
  • შესაძლებელი უნდა გახადოს თავისი კრიპტოვალუტის “მაინინგი” იმისათვის, რომ ტრანზაქციები უფრო ჩქარა განხორციელდეს;
  • უნდა განახორციელოს ICO ზუსტი გათვლებით, თუ რა თანხის მოზიდვა ესაჭიროება მას;
  • დამაარსებლის გუნდი უნდა ფლობდეს ტოკენების 10%-50%-ს და არ უნდა გადაცვალოს ისინი პროექტის დაწყებიდან მინიმუმ 3 წლის განმავლობაში.

 

ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ სხვადასხვა ავტორიტეტული რედაქციების შეფასებებს ICO პროექტის მიმართ. სხვადასხვა პროექტები პროცესში რთავენ შუამავალ მხარეებს, რომლებიც სარგებლობენ ინვესტორების მაღალი ნდობით. ამგვარი ნაბიჯი კიდევ ერთი დადებითი მხარეა ICO პროექტის შეფასებისას.

დღევანდელი ICO-ების უდიდესი ნაწილი ქმნის პროექტს, რომელიც მიმართულია იდეის დეცენტრალიზებაზე. რამდენად შეძლებს გუნდი დეცენტრალიზებული პროექტის იმგვარად მართვას, რომ ინვესტორებმა დამატებითი შემოსავალი მიიღონ? ალბათ ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რომელიც უნდა დაუსვათ თქვენს თავს სანამ ინვესტირებას განახორციელებთ.

წარმატებული და წარუმატებელი ICO-ების მაგალითები

2014 წელს ICO-ს მეშვეობით გამოშვებული იქნა დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული კრიპტოვალუტა Ethereum. ICO-ს დროს ტოკენების ფასი 0,3-0,4$ იყო, 2015 წლისთვის – 20$, ხოლო დღესდღეობით მისი ფასი 1013$-ია. საერთო კაპიტალიზაციით (98 477 340 522$ იხ.ლინკი) Ethereum მხოლოდ Bitcoin-ს უთმობს ადგილს.

პირველი ICO ისტორიაში 2013 წელს, Mastercoin-ის მიერ შედგა. Mastercoin ბიტკოინზე დაყრდნობით სხვადასხვა ფინანსურ გადაწყვეტილებებს გვთავაზობდა. 2014 წელს კი, დაარსდა პროექტი MaidSafe, რომელმაც Mastercoin-ების ბაზაზე შექმნა ჰაკერების შეტევებისაგან თავის ასარიდებელი პროექტი. ICO-ს ფარგლებში მოზიდული იქნა 6 მილიონ ამერიკულ დოლარამდე.

2016 წლის მაისში, ეთერიუმის (Ethereum) ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შეიქმნა დეცენტრალიზებული საინვესტიციო ფონდი DAO, რომელმაც 150 000 000$-ზე მეტი მოაგროვა. მიუხედავად წარმატებული სტარტისა, ჰაკერებმა პროექტში აღმოაჩინეს სისუსტე და ორგანიზაციის კაპიტალის თითქმის 1/3 მოიპარეს (40 000 000).

როგორ მოვძებნო და მივიღო მონაწილეობა ICO-ში?

არსებობს უამრავი რესურსი, რომელიც პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას სხვადასხვა ICO-ების შესახებ. გირჩევთ:  Smith & Crown და ICO Alert.

პროექტში ინვესტიციების განხორციელება შესაძლებელია პროექტის საიტის მეშვეობით, თუმცა ამისთვის თქვენ უნდა გქონდეთ შექმნილი Bitcoin ან Ethereum ელექტრონული საფულე და ასევე შეგეძლოთ ტრანზაქციების განხორციელება. ელექტრონული საფულის შექმნა მარტივია, მაგალითად MyEtherWallet ან BlockChain.Info.

როგორ ფიქრობთ, რამდენად პერსპექტიული დეცენტრალიზებული სისტემები და უნდა მიაქციოს თუ არა ინვესტორმა ყურადღება ამგვარ პროექტებს?

ICO-ში მონაწილეობის შესახებ დეტალურად შემდეგ სტატიებში დავწერ.

 

1 comments On მარტივად: რა არის ICO?

Leave a reply:

Your email address will not be published.