“უსდ” და ბლოკჩეინ ტექნოლოგია

ამ სტატის წაკითხვამდე, რეკომენდირებულია მარტივი პოსტის წაკითხვა, სადაც თქვენ მაქსიმალურად მოკლე დროში გაერკვევით ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მოქმედებაში. სტატიის სანახავად დააჭირეთ აქ.

ბოლო დროს, “ბლოკჩეინ” ტექნოლოგია სულ უფრო აქტუალური ხდება საზოგადოებაში, ხოლო ექსპერტები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. რა უპირატესობებს მოუტანს იგი უმაღლეს სასწავლო დაწესებულებს და დგას თუ არა რეფორმების მწვავე საჭიროება?

პირველი მიახლოებით რთულია დაადგინო პირდაპირი კორელაცია ბლოკჩეინ ტექნოლოგიასა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკასთან. სწორედ ამიტომ, შესაძლოა უნივერსიტეტი არის ის ერთ-ერთი სივრცე, სადაც რეფორმების მწვავე საჭიროება არ დგას, თუმცა ტექნოლოგიას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე აკადემიურ საქმიანობაში. მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი დაწესებულება უკვე ცდილობს მხარი აუბას ტექნოლოგიურ განვითარებას და გამოიყენოს ბლოკჩეინის ძირითადი უპირატესობები. ჩვენ უკვე გვხვდება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ამგვარი გადაწყვეტილებებით ზოგავენ ადმინისტრაციულ რესურსს, ხოლო სტუდენტების პირად მონაცემებსა და ნიშნებს ინახავენ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით, დაცულ ჯაჭვში.

ჯონ დომინგუე – დიდი ბრიტანეთის “ღია უნივერსიტეტის” ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელსაც  უმაღლეს დაწესებულებაში ინოვაციური პროექტების დანერგვის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ მისი ერთ-ერთი იდეაა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მეშვეობით, საერთაშორისო სისტემის შექმნა, რომელშიც ავტომატურ რეჟიმში ჩაიწერება დაშიფრული მონაცემები კურსდამთავრებულთა შესახებ. თეორიულად, ამგვარი სისტემა დამსაქმებლებს მეტად უადვილებს რეკრუტინგის პროცესს და მათ აღარ მოუწევთ გადაამოწმონ ნამდვილად დაასრულა თუ არა პოტენციურმა კადრმა ესა თუ ის უნივერსიტეტი. ამასთანავე, ამგვარი ტექნოლოგია საშუალებას მისცემს უსდ-ს დაზოგოს რესურსები, რადგან ბლოკჩეინ ტექნოლოგია დამსაქმებლების კითხვებზე თავადვე გასცემს პასუხებს.

დიდ ბრიტანეთში უკვე არსებობს სისტემა (იხ. ლინკი), რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი დაწესებულების მიერ გაცემული სტატუსის შემოწმების სერვისს. სწორედ ამავე სერვისის მონაცემებით, ყოველი მეოთხე ადამიანის რეზიუმე შეიცავს მინიმუმ 1 ტყუილს. მიუხედავად ამისა, ამგვარი სერვისი პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ აგვარებს. მისი პირველი და უდიდესი მინუსია ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც სრულად არის დამოკიდებული მეწარმე ობიექტების მოქმედებაზე. შემდეგი აშკარა მინუსია გადასახადი, რომელსაც აწესებს კომპანია ყოველი დარეგისტრირებული დამსაქმებლისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს დრო, რომელსაც მოითხოვს კომპანია მონაცემების გადასამოწმებლად (7-8 დღე).

სწორედ ბლოკჩეინ ტექნოლოგია უზრუნველყოფს ორივე ზემოთხსენებული მინუსის აღმოფხვრას. იგი სრულიად გამჭირვალეა, მოითხოვს დროის უმცირეს რესურსს, ყველასთვის ხელმისაწვდომია და ამასთანავე – უფასო! შესანიშნავია, არა?

ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ამგვარი გამოყენება ასევე შესაძლოა სასარგებლო იყოს პოლიტიკოსების განათლების შესამოწმებლად. მაგალითისთვის, ინდოეთის პრემიერ მინისტრს, ნარენდრა მოდის არაერთხელ მოუწია ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა მისი კვალიფიკაციის შესახებ. ნარენდრას გუნდმა წარადგინა უამრავი სერტიფიკატი პრემიერ-მინისტრის დასაცავად, თუმცა ჟურნალისტების მტკიცებით – ყველა სერტიფიკატი გაყალბებულია. მსგავსი ფაქტი საქართველოშიც გვახსოვს, იხილეთ ლინკი 1 და ლინკი 2. თეორიულად, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მეშვეობით, ამგვარი კამათი სრულებრივ კარგავს აზრს.

ტექნოლოგიის მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი – ბლოკჩეინის გამჭირვალობაა. ისინი აღნიშნავენ, რომ რთულია მოძებნო ბევრი ადამიანი, რომელიც დათანხმდება განათავსოს თავისი დიპლომი ღია ქსელში. თუმცა, რა თქმა უნდა არსებობს გადაწყვეტილება. ნებისმიერ ბლოკჩეინ სისტემაში შესაძლებელია მონაცემების განთავსება დაშიფრული სახით და მისი ნახვის უფლება ექნება მხოლოდ მას, ვისაც აქვს წვდომა პირად, დაშიფრულ კოდთან. ამგვარი წვდომის მინიჭება კი მხოლოდ მონაცემის მფლობელს შეეძლება. ამასთანავე, შესაძლებელია ამგვარი წვდომის შეზღუდვა დროის ლიმიტით. მაგალითად, დამსაქმებელს, რომელსაც გააჩნია პირადი გასაღები – შეეძლება ნახოს პოტენციური კადრის დიპლომი, თუმცა არაუმეტეს 15 წუთის (პირობითად) განმავლობაში.

თუკი აღნიშნულ იდეას უფრო განვავითარებთ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მძლავრი ბაზა, რომელიც შეიცავს მონაცემებს არამხოლოდ კურსის დამთავრების, არამედ მასში განვლილი საგნების, პროფესურასა და ნიშნების შესახებ. შესაბამისად, დამსაქმებელს შეეძლება გაფილტროს მონაცემები კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. ბაზა შესაძლოა LinkedIN-ს გახსენებთ, თუმცა მისი მთავარი უპირატესობა, მონაცემთა უტყუარი მოცემულობაა. ამგვარი გამართული და ყოვლისმომცემი, დეცენტრალიზებული სისტემა მნიშვნელოვნად დაეხმარება დამსაქმებლებს და შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს უმუშევრობაზე. რას ფიქრობთ თქვენ?

Leave a reply:

Your email address will not be published.